პროექტის ანგარიში
სახელწოდება- „სად როგორ მოვიქცე“
ხანგრძლივობა-21.01.2013-27.02.2013.
მიზანი- მოსწავლეთა მიერ საკუთარ და სხვა ადამიანთა სასურველ და არასასურველ ქცევებზე მსჯელობით, ანდაზების, სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზის საფუძველზე ზრდილობის წესების შესწავლა, როლური თამაშით თავაზიანი ქცევის ნორმების გათავისება.
ამოცანები-
- მოსწავლეები შეასრულებენ ნახატებს თემაზე; ,,როგორ ვიქცევი შინ თუ გარეთ’’.
- დისკუსია თემაზე: ,,რა არის კარგი და რა არის ცუდი“.-(ინდივიდუალურად გააკეთებენ ჩანაწერებს, სადაც გამიჯნავენ საკუთარ სასურველ და არასასურველ ქცევას.
- მოსწავლეთა ჩანაწერების საფუძველზე კედლის გაზეთის შექმნა სათაურით- ,,კარგი ჩვენც მოგვეწონება, ცუდი არც თავის დედასა!“
- ზრდილობის ელემენტარული წესების გაცნობა სლაიდშოუს საშუალებით.
- მოსწავლეები მშობლების დახმარებით მოიძიებენ და შეისწავლიან ლექსებს, მოთხრობებს ან ზღაპრებს, რომლებიც გვასწავლის, სად როგორ მოვიქცეთ.
- შეისწავლიან ანდაზებს, რომლებიც კარგ ქცევასთან, ზრდილობასთან არის დაკავშირებული.
- მოიძიებენ და დაისწავლიან ,,ჯადოსნურ“( თავაზიანობის გამომხატველ) სიტყვებს.
- მოსწავლეები ჯგუფებად იმუშავებენ სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების ინსცენირებაზე: პარმენ ცახელის ,,შალვას თავგადასავალი“, რაფიელ ერისთავის ,,ჯერ შრომა, მერე ხტომა“, რევაზ ლორიას ,,ზარმაცი“, იაკობ გოგებაშვილის ,, სიკეთე ბოროტისათვის“.
- 27.02.2013. პროექტის შედეგების პრეზენტაცია- დასკვნითი ღონისძიება.
რეზიუმე-
ადამიანის შინაგანი სამყაროს გარეგნული გამომხატველია ქცევის კულტურა, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. თავაზიანი მანერების შესწავლა ყველა დროში აქტუალურია, მაგრამ რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებენ მოსწავლეები ზრდილობის წესების შეთვისებას, მით უფრო სწრაფად გამოიმუშავებენ კარგ მანერებს. კარგად აღზრდილ, კულტურულ ადამიანებად ისინი ჩამოყალიბდებიან მაშინ, როცა ეცოდინებათ, სად როგორ მოიქცნენ.
პირველკლასელები ხუთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ პროექტზე, რომელსაც ვუწოდეთ მათი ასაკისათვის მარტივად გასაგები სახელწოდება-„სად როგორ მოვიქცეთ“.
პრობლემის აქტუალობა დაგვანახა დღევანდელ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ბავშვებში,მოზარდებსა და ახალგაზრდობაში ქცევის კულტურის ნაკლებობამ.
ჩვენ, უფროსებს გვაწუხებს მხოლოდ ყოფითი პრობლემები. მოზღვავებული ინფორმაციის საუკუნეში გვესმის მხოლოდ ბრძოლა არსებობისათვის; ის, რომ ცხოვრებაში იმარჯვებენ მხოლოდ ძლიერები, განათლებულები, მაგრამ გვავიწყდება, რომ ადამიანი საზოგადოებაში ფასდება არა მხოლოდ განათლებით, მიღწევით ან გვარიშვილობით, არამედ ქცევის კულტურით, ზრდილობით და თავაზიანი მანერებითაც.
სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილს „გამარჯობის“ თქმაც ეზარება, გაქრა მანძილი უფროს-უმცროსობას შორის, ბავშვებში იკლო თავდაჭერამ, მოკრძალებამ, სამაგიეროდ იმატა სითამამემ...
როგორც ანდაზა გვასწავლის, „ზრდილობას ვერც ბაზარზე ვიყიდით “ და არც თანდაყოლილი ნიჭია, მაგრამ ბავშვებს ის ადრეული ასაკიდანვე უნდა შევასწავლოთ, მაგალითი მივცეთ, ვუმეოროთ და ჩვევად გადავუქციოთ.
პროექტზე მუშაობისას მიზნად დავისახე, რომ ბავშვები დაკვირვებოდნენ საკუთარ და სხვა ადამიანთა ქცევებს, გაემიჯნათ კარგი და ცუდი, აღმოეჩინათ, რომელი ანდაზა შეესაბამებოდა კონკრეტულ ქცევას. მშობლების დახმარებით მოიძიეს და შეისწავლეს ქცევასთან დაკავშირებული აღმზრდელობითი ხასიათის ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები, შეასრულეს და გამოფინეს ნახატები თემაზე: „როგორ ვიქცევი შინ თუ გარეთ“, მოვაწყეთ დისკუსია -„რა არის კარგი და რა არის ცუდი“. ბავშვებმა გააკეთეს ინდივიდუალური ჩანაწერები, სადაც აღწერეს მათ მიერ ჩადენილი თითო ცუდი ქცევა, რომელსაც ნანობენ და თითოც კარგი, რის გამოც ისინი შეაქეს.
მოსწავლეთა ჩანაწერების საფუძველზე შევქმენით კედლის გაზეთი სათაურით: „კარგი ჩვენც მოგვეწონება, ცუდი - არც თავის დედასა“.
ზრდილობის ელემენტარულ წესებს გავეცანით სლაიდშოუს დახმარებით. დავისწავლეთ თავაზიანობის გამომხატველი „ჯადოსნური“ სიტყვები, აგრეთვე სიმღერები, რომლებიც ამავე მიზანს ემსახურება.
სასურველ და არასასურველ ქცევას ბავშვები ყველაზე კარგად მიჯნავენ როლური თამაშით, რადგანაც ითავისებენ პერსონაჟთა განცდებს, ამიტომ მიზნობრივად შევარჩიეთ და გავაინსცენირეთ რამდენიმე ლექსი და მოთხრობა:
- პარმენ ცახელის ,,შალვას თავგადასავალი“,
- რაფიელ ერისთავის ,,ჯერ შრომა, მერე ხტომა“,
- რევაზ ლორიას ,,ზარმაცი“,
- იაკობ გოგებაშვილის ,, სიკეთე ბოროტისათვის“.
პირველკლასელებმა პროექტზე იმუშავეს სიამოვნებით.
შედეგად, ასაკის შესაბამისად შეისწავლეს ზრდილობის წესები, ნელ-ნელა შემცირდა და, იმედია, მომავალში მშობლების თანადგომით კიდევ უფრო შემცირდება არასასურველი ქცევის შემთხვევები, დაიხვეწება მათი მანერები და გაუმჯობესდება გარშემომყოფებთან ურთიერთობა. პროექტზე მუშაობის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დისკუსიის, თვითშეფასების, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები.
პროექტზე მუშაობა კი დავასრულეთ, მაგრამ სასურველ ქცევებზე ერთობლივი მუშაობა მოგვიწევს კვლავაც დიდხანს, სანამ ჩვენი პატარები არ ჩამოყალიბდებიან ზრდილ, კულტურულ, სასიამოვნო ადამიანებად.
იმედია, დაამახსოვრდებათ პროექტზე მუშაობის პროცესი და მადლიერებით გაიხსენებენ, როგორ ვცდილობდით ჯერ კიდევ 5-6 წლის ასაკში აგვეხსნა მათთვის-სად როგორ მოიქცნენ.
ლ.ქიტოშვილი